,,ევერესტის“ ისტორია, მიზანი და ამოცანები

სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დავიწყე. მაშინ მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი და პირველ კლასში მათემატიკას ვასწავლიდი. თავიდანვე ვცდილობდი ბავშვებისთვის შემეყვარებინა მათემატიკა. მათში გამეჩინა ამ საგნის სწავლის სურვილი და მოტივაცია. საკლასო აქტივობისას ხშირად ვიყენებდი შეჯიბრითობის პრინციპს. ეს ძალიან მოსწონდათ ბავშვებს და მეტ ინტერესს იჩენდნენ საგნის მიმართ. მოგვიანებით საკლასო აქტივობებმა შიდასასკოლო კონკურსის სახე მიიღო, რამაც როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებში მეტი ინტერესი გააჩინა. დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით 2009 წელს, მაშინ, როდესაც მსგავსი ფორმატით (სამტურიანი) ოლიმპიადები ფაქტობრივად არ არსებობდა, ჩემს მოსწავლეებთან ერთად (მე-8 და მე-9 კლასელებთან ერთად) თბილისის მასშტაბით ოლიმპიადა „ევერესტის“ პირველი სეზონი ჩავატარეთ. ოლიმპიადაში მონაწილეობა 650-მა მოსწავლემ და 30-მა პედაგოგმა მიიღო. სიახლე იმდენად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, რომ წლიდან წლამდე ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა  შესაშური სისწრაფით იზრდებოდა. ოლიმპიადის მეორე სეზონზე თბილისის თითქმის  ყველა და რუსთავის რამდენიმე სკოლა ჩაერთო. მოგვიანებით, კი „ევერესტმა“ მთელი საქართველო (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები) მოიცვა. მონაწილეთა რაოდენობა ათობით ათასი გახდა. ოლიმპიადის ფორმატი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ „ევერესტის“ პირველად ჩატარებიდან სამ-ოთხ წელიწადში არაერთი ორგანიზაცია შეიქმნა, რომლებმაც დაიწყეს მსგავსი კონკურსების ჩატარება. 

გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ოლიმპიადა „ევერესტს“ დანარჩენი ოლიმპიადებისგან გამოარჩევს არა მხოლოდ „ასაკი“, მრავალრიცხოვანი პრიზები (მათ შორის ექსკლუზიურად „ევერსტისთვის შექმნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები“), მასწავლებლის კონკურსი და მრავალი სხვა, არამედ მიზანი. ჩვენი მიზანი არ ყოფილა და არც არასდროს იქნება შემოსავალი. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ყველა მონაწილემ თითოეული ტურის შემდეგ გაიღრმაოს ცოდნა და მიიღოს გამოცდილება. მიზნის მისაღწევად ამოცანებს ვადგენ განსაკუთრებული სიფრთხილით. მათი შედგენისას ვითვალისწინებ როგორც ყველა იმ გრიფირებულ წიგნს, რომლითაც სწავლობენ მოსწავლეები, ასევე ბავშვების ასაკობრივ შესაძლებლობებს. ამ უკანასკნელში ძალიან მეხმარება ჩემი პედაგოგიური გამოცდილება (მე დღესაც ვასწავლი სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს). წლების განმავლობაში ბავშვების შედეგებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ პატარები ხშირად ჩქარობენ, ამოცანის პირობას ხელმეორედ არ კითხულობენ  და უშვებენ ელემენტარულ შეცდომებს. ამიტომ შევიმუშავეთ ამოცანების აქამდე არ არსებული ფორმატი, რამაც ბავშვები მეტად დაკვირვებული გახადა. აღნიშნულმა ფორმატმა ბავშვების, მშობლების და რაც ძალზედ სასიხარულოა, მათემატიკის პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხშირია შემთხვევა, როცა  ბავშვი უკეთეს შეფასებებს იღებს გაკვეთილზე, ოლიმპიადაზე კი ვერ ავლენს ამ ცოდნას, ეს, სავარაუდოდ, საგამოცდო დაძაბულობის, გამოუცდელობის, ასაკისთვის დამახასიათებელი სიჩქარის და დაუკვირვებლობის ბრალია. ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში მშობლები ზედმეტად მომთხოვნები არიან პატარების მიმართ, რაც მოქმედებს ბავშვებზე და შესაძლოა ესეც იყოს „წარუმატებლობის“ მიზეზი.

ჩვენ ამ წლების მანძილზე ვაკვირდებით ბავშვების მომზადების  საერთო დონეს და  სიძლიერეს. ჩვენ ასევე ვსწავლობთ ბავშვების შედეგებს, ვაანალიზებთ და პროცენტულად ვითვლით ამოცანაზე ყველა დაფიქსირებულ პასუხს. ვაკვირდებით თითოეული ბავშვის შედეგების დინამიკას. ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ  ყოველ მომდევნო სეზონზე ბავშვების მომზადების დონე იზრდება, რასაც მოწმობს ფინალში გამსვლელი ქულის ზრდა (ფინალში გამსვლელი ქულა წინასწარ ცნობილი არ არის. ფინალისტები შეირჩევიან რეიტინგის წესით). ვფიქრობ, ბავშვების ცოდნის დონის ამაღლებას იწვევს მათი მზადების პროცესი ოლიმპიადისთვის. თითქმის ყველა მონაწილეს აქვს ჩვენი ამოცანების არაერთი კრებული. ჩვენს მიერ გამოკითხული მონაწილეების უმრავლესობა ამბობს, რომ სხვა კონკურსებისგან განსხვავებით ოლიმპიადა „ევერესტისთვის“ გასაკუთრებულად ემზადებიან. წლების განმავლობაში დამკვიდრდა აზრი, რომ ოლიმპიადა „ევერესტში“ მიღებული სიგელი საამაყო და ძალზედ სასურველია. ეს ჩვენს გუნდს ძალიან ახარებს და დამატებით სტიმულს სძენს მომდევნო სეზონის მზადებისთვის.

ახალი ამბები

22 მაისი 2017
ყველა სიახლე

დამფუძნებლის ბლოგი

18
ოქტ, 2016
დაჩი ნანობაშვილი
ევერესტის შესახებ

ყველა სტატია